პრეამბულა


ჩვენ, ქართველი ერი,

ვეფუძნებით რა ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის გამოცდილებას;

ერთგულნი ვართ რა პირველ და მეორე რესპუბლიკათა დემოკრატიული არჩევანის;

პატივს ვცემთ რა 1921 და 1995 წლების კონსტიტუციურ ტრადიციებს;

ვაგრძელებთ რა ჩვენი წინაპრების შრომასა და ბრძოლას დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის;

ვახდენთ რა ევროპული და ატლანტიკური ერების ოჯახის შიგნით თავისუფალ თვითგამორკვევას;

ვსაზრდოობთ რა კაცობრიობის საუკეთესო კულტურული მემკვიდრეობით;

ვადასტურებთ რა ქრისტიანობისა და შემწყნარებლობის განსაკუთრებულ როლს ჩვენს ისტორიაში;

ვზრუნავთ რა ჩვენი კულტურული მრავალფეროვნების, ქართული ენისა და დამწერლობის დაცვასა და განვითარებაზე;

ვითვალისწინებთ რა ჩვენი საზოგადოების მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ ხასიათს;

მიზნად ვისახავთ რა ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიულ თანაარსებობას;

ვიცავთ რა ეროვნულ სახელმწიფოს, თავისუფალ ბაზარსა და სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც მარადიულ ხელშეკრულებას წარსულ, აწმყო და მომავალ თაობებს შორის;

ვაცხადებთ რა ადამიანის უფლებებს, პიროვნების ღირსებასა და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას წარუვალ და უზენაეს საზოგადოებრივ ფასეულობებად;

ვესწრაფით რა ეროვნულ, სამოქალაქო და ეკონომიკურ თავისუფლებას;

ვაღიარებთ რა კანონის უზენაესობას, ხელისუფლებათა დანაწილებას, შეკავებასა და გაწონაწორებას სახელმწიფო წყობის საფუძვლად;

გამოვხატავთ რა ჩვენს ურყევ ნებას დავამკვიდროთ, განვამტკიცოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ სუვერენიტეტი და დემოკრატია;

ღვთის მიერ ჩვენთვის მონიჭებული თავისუფლების დასაცავად ვაწესებთ ამ კონსტიტუციას

სამოქალაქო თავისუფლებათა ზოგადი გარანტიები


სახელმწიფო ცნობს და იცავს სამოქალაქო თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ფასეულობებს და ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების რეალიზაციის საშუალებას. სახელმწიფო უზრუნველყოფს მათი განხორციელების გარანტიებს და ეფექტურ საშუალებებს

პირის თავისუფლება იზღუდება მხოლოდ კონსტიტუციით და კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში სხვათა თანასწორი თავისუფლების უზრუნველსაყოფად

პირისთვის ყველაფერი ნებადართულია, გარდა იმისა, რაც პირდაპირ არ იკრძალება კონსტიტუციითა და კანონით

კონსტიტუციაში არაფერი არ შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც საყოველთაოდ აღიარებული სამოქალაქო თავისუფლებების უარყოფის ან კონსტიტუციით ნებადართულზე მეტად შეზღუდვის უფლების მინიჭება

კონსტიტუცია არ უარყოფს სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციისა და საყოველთაოდ აღიარებული სამართლის ზოგადი პრინციპებიდან

უფლებამოსილებები, რომლებიც კონსტიტუციის მიერ პირდაპირ მიკუთვნებული არაა სახელმწიფოსათვის, ეკუთვნის მოქალაქეებს

დაუშვებელია პირის დევნა კონსტიტუციითა, საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებითა და პრეცედენტებით განსაზღვრულ ფარგლებში სამოქალაქო თავისუფლებებით სარგებლობის გამო

თანასწორობის უფლებები


ყველა ადამიანი რაიმე დისკრიმინაციის გარეშე კანონის წინაშე თანასწორია, აქვს სრული და თანაბარი დაცვის, თანაბარი მოპყრობისა და თანაბარი სარგებლის მიღების უფლება, განურჩევლად

რასისა,

კანის ფერისა,

ენისა, სქესისა,

რწმენისა,

მსოფლხედველობისა,

პოლიტიკური შეხედულებებისა,

ეთნიკური, კულტურული და სოციალური კუთვნილებისა,

წარმოშობისა,

ოჯახური, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა,

საცხოვრებელი ადგილისა,

ჯანმრთელობის მდგომარეობისა,

დაბადების და ასაკის

ან ნებისმიერი სხვა ნიშნისა.

კანონით დადგენილი ნებისმიერი გამონაკლისი ან განსხვავება ჩაითვლება დისკრიმინაციად, თუ არ იქნება დამტკიცებული, რომ ასეთი გამონაკლისი სამართლიანი და გონივრულია, არ იწვევს სამოქალაქო თავისუფლებებით თანასწორ საფუძველზე სარგებლობის უფლების გაუქმებას ან დარღვევას და ემსახურება საზოგადოებრივი მრავალფეროვნების, თვითმყოფადობისა და თითოეული პირისა და ჯგუფის უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების შესაძლებლობათა სამართლიანი თანასწორობის უზრუნველყოფას.

პირს აქვს საკუთარი კანონიერი ინტერესების ინდივიდუალიზებული აკომოდაციის უფლება, თუ სხვაგვარად შეუძლებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვანი დაცვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აკომოდაციით დაცული სიკეთე ნაკლებია ვიდრე სხვა პირის კანონიერი ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი.

საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციით და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

სამოქალაქო თავისუფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. 

სიცოცხლის, ღირსებისა და პიროვნული ხელშეუხებლობის უფლებები


ყველას აქვს სიცოცხლის, ღირსებისა და პიროვნული ხელშეუხებლობის, აგრეთვე მათი დაცვის განუყოფელი და აბსოლუტური უფლებები, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს:

სიკვდილით დასჯის აკრძალვას;

თავისუფლებას წამების, სასტიკი, არაადამიანური, ღირსების შემლახავი ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელისაგან, აგრეთვე ნებისმიერი ისეთი სახის თვითნებური ფიზიკური სასჯელების, ძალადობისა და ყველა იმ ქმედებისაგან, რითაც მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტკივილი ან ტანჯვა ადგება ადამიანს;

უფლებას, არ იყოს სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერიმენტების ობიექტი; უფლებას მიიღოს სამედიცინო მომსახურება თავისუფალი არჩევანისა და ინფორმირებული, თანხმობის შემთხვევაში, გარდა კანონით განსაზღვრული გამონაკლისებისას, როდესაც პირს არ აქვს ფიზიკური შესაძლებლობა გამოხატოს პოზიცია, არსებობს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მყისიერი საფრთხე და საჭიროა მესამე პირის თანხმობა;

მონობის, იძულებითი შრომისაგან თავისუფლებას და ადამიანებით ვაჭრობის აკრძალვას.

სიცოცხლის, ღირსების ან პიროვნული ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფად არ ჩაითვლება ისეთი ქმედება, რომელიც წარმოადგენს კანონით გათვალისწინებული, აუცილებლობით განპირობებული, ვიწროდ მიზანმიმართული და ძალის პროპორციული გამოყენების შედეგს.

იძულებით შრომად არ ჩაითვლება კანონით დადგენილ შემთხვევებსა და წესით სამხედრო ან სამოქალაქო ვალდებულების ან სასჯელის მოხდა, აგრეთვე საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულება.

რწმენისა და სინდისის თავისუფლება


ყველას აქვს ნებისმიერი ან არცერთი რწმენისა და მსოფლხედველობის ყოველგვარი იძულების გარეშე არჩევისა და შეცვლის, აგრეთვე სინდისის აბსოლუტური და განუყოფელი თავისუფლება.

დაუშვებელია სახელმწიფო რელიგიის დაწესება. არცერთის რელიგია არ შეძლება გახდეს მოქალაქეებისათვის სავალდებულო.

სახელმწიფო და რელიგიური გაერთიანებები დამოუკიდებული არიან ერთმანეთისაგან. მათ შორის ურთიერთობები შეიძლება მოწესრიგდეს საკონსტიტუციო შეთანხმების საფუძველზე.

კანონის უზენაესობის, უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემის საფუძველზე სახელმწიფო ქმნის რელიგიურ გაერთიანებათა უფლებების დაცვის სამართლებრივ გარანტიებს.

ყველას აქვს უფლება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დამოუკიდებლად ან სხვებთან ერთად, როგორც საჯაროდ, ისე კერძოდ, გამოხატოს და იქადაგოს საკუთარი რწმენა ან მსოფლხედველობა, აღასრულოს ღვთისმსახურება, ილოცოს, დააფუძნოს სამლოცველო, მისდიოს თავისი რწმენის მოძღვრებასა და დაიცვას მისი წეს-ჩვეულებები, დაცული ჰქონდეს აღსარების საიდუმლოება.

რელიგიურ თემებსა და ორგანიზაციებს აქვთ უფლება

ჰქონდეთ თავისუფლად ღვთისმსახურებისა და შეკრების ადგილი;

თავისუფლად გაეცნონ, შეიძინონ და ფლობდნენ რელიგიურ ლიტერატურას მათთვის სასურველ ენაზე;

დამოუკიდებლად განსაზღვრონ ორგანიზაციის მოწყობა და სტრუქტურა, პერსონალი;

მიიღონ გრანტები და საქველმოქმედო შემოწირულობები კერძო პირებისაგან.

სინდისისმიერი წინააღმდეგობის უფლება აღიარებულია.

დაუშვებელია ადამიანს დაეკისროს ისეთი ვალდებულებების შესრულება, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება მის რწმენას, აღმსარებლობას, სინდისს ან მსოფლხედველობას.

გამოხატვის თავისუფლება


ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს:

აზრის აბსოლუტურ და განუყოფელ თავისუფლებას;

საკუთარი შეხედულებების გამოთქმის იძულებისაგან აბსოლუტურ და განუყოფელ თავისუფლებას;

პოლიტიკური სიტყვისა და დებატების თავისუფლებას;

ნებისმიერი ფორმით ინფორმაციის და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას;

ბეჭდვითი, ელექტრონული ან სხვა მედიის თავისუფლებასა და ყოველგვარი ცენზურის დაუშვებლობას;

ჟურნალისტის უფლებას არ გათქვას ინფორმაციის წყარო;

მხილების თავისუფლებას და მამხილებელთა დაცვას;

სწავლის, სწავლებისა და კვლევის აკადემიურ თავისუფლებას;

ხელოვნების, შემოქმედებისა და გამოგონების თავისუფლებას;

ქველმოქმედების თავისუფლებას;

ნებისმიერ ენაზე მეტყველების, ნებისმიერი დამწერლობის გამოყენების უფლებას;

უფლებას, არ განიცადოს იძულებითი ასიმილაცია, შეინარჩუნოს, გამოხატოს ან განავითაროს თავისი კულტურული რელიგიური, ლინგვისტური თუ სხვა კუთვნილება.

შეკრების თავისუფლება


ყველას აქვს უფლება მშვიდობიანად შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.

შეკრების თავისუფლება შეიარაღებული ძალების, პოლიციის და უშიშროების სამსახურის თანამშრომლებზე ვრცელდება მხოლოდ ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 4,730 other followers

%d bloggers like this: