ყველას აქვს უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად, ხელი მიუწვდებოდეს მხარეთა თანასწორობასა და შეჯიბრებითობაზე დაფუძნებულ, სწრაფ, უწყვეტ, საჯარო, დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ და კანონიერ სასამართლოზე.

ყველას აქვს უფლება, გაასაჩივროს საჯარო დაწესებულებისა და საჯარო მოსამსახურის ქმედება სასამართლოში, აღიდგინოს შელახული უფლებები და თავისუფლებები, მიიღოს მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება, მათ შორის არამართლზომიერი, უსაფუძვლო, უკანონო ან მიზანშეუწონელი ჩხრეკის, დაკავების, დაპატიმრების, სასამართლოს შეცდომის ან სასჯელის აღსრულებისათვის.

ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია მისი უფლებებისა და მათზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგების შესახებ.

ყველას აქვს უფლება, ნებისმიერ გარემოებაში და ნებისმიერ დროს საკუთარი არჩევანის საფუძველზე ისარგებლოს ეფექტური და კვალიფიცური სამართლებრივი რჩევით, დაცვითა და წარმომადგენლობით.

ყველას აქვს უფლება უფასო სამართლებრივი დახმარებაზე, თუკი ეს აუცილებელია სამართლიანი მართლმსაჯულების უფლების უზრუნველსაყოფად და მას ხელი არ მიუწვდება ეფექტურ და კვალიფიცურ სამართლებრივ მომსახურებაზე.

ყველას აქვს უფლება ისარგებლოს თარჯიმნის უფასო დახმარებით, თუ პირს არ შეუძლია გაიგოს ან ილაპარაკოს სამართალწარმოების ენაზე.

დარღვეულ უფლებათა აღსადგენად, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და წესით, სასამართლოს შეიძლება ასევე მიმართოს პირმა, რომელსაც არ განუცდია ზიანი, მაგრამ რომელიც მოქმედებს როგორც საჯარო ინტერესთა დამცველი.