დაკავებული, დაპატიმრებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი სარგებლობს ყველა უფლებითა და თავისუფლებით, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა. 

დაუშვებელია დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს ჰუმანური მოპყრობისა და მისი პიროვნებისადმი პატივისცემის უფლება.

დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირს უფლება აქვს არ იყოს სრულად იზოლირებული გარე სამყაროსგან, ჰქონდეს კომუნიკაცია და შეხვდეს ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ადვოკატს, მოძღვარს, ექიმს და სხვა პირებს, გარდა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებისა.

ამ მუხლის მე-3 პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული ხელს შეუშლის გამოძიებას ან ხელმეორედ ჩაიდენს დანაშაულს.

ამ მუხლის მე-3 პუნქტით დაცული უფლების გადაუდებელი აუცილებლობისას შეზღუდვის მიზანშეწონილობა, დასაბუთებულობა და კანონიერება დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა უნდა დაადასტუროს სასამართლომ.

დაკავებულსა და პატიმარს უფლება აქვს დაუყოვნებლივ შეატყობინოს დაკავებისა და პატიმრობის შესახებ ოჯახის წევრებს ან სხვა ახლობლებს.

დაკავებულსა და პატიმარს აქვს კანონით დადგენილი წესით სასამართლომდე პირობითი განთავისუფლების უფლება, გარდა კანონით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული არ გამოცხადდება სასამართლოს წინაშე, ხელს შეუშლის გამოძიებას ან ხელმეორედ ჩაიდენს დანაშაულს.

დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდულ პირს აქვს დაკავებიდან 10 დღის ვადაში და შემდეგ ყოველ 30 დღეში საქმის წინასწარ მოსმენისა და წინასასამართლო პატიმრობის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის მიზანშეწონილობას, დასაბუთებულობასა და კანონიერებაზე ეფექტური სასამართლო ზედამხედველობის უფლება.

წინასასამართლო პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 100 დღეს. გამონაკლის შემთხვევაში, როცა ეს კრიტიკულად აუცილებელია ბრალდებულის დაცვის, სამართლიანი სასამართლოს უფლებისა ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად, კანონით შეიძლება დაწესდეს სხვა გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

არავინ შეიძლება იმყოფებოდეს სასამართლო პატიმრობაში 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.