ყველა ადამიანი რაიმე დისკრიმინაციის გარეშე კანონის წინაშე თანასწორია, აქვს სრული და თანაბარი დაცვის, თანაბარი მოპყრობისა და თანაბარი სარგებლის მიღების უფლება, განურჩევლად

რასისა,

კანის ფერისა,

ენისა, სქესისა,

რწმენისა,

მსოფლხედველობისა,

პოლიტიკური შეხედულებებისა,

ეთნიკური, კულტურული და სოციალური კუთვნილებისა,

წარმოშობისა,

ოჯახური, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა,

საცხოვრებელი ადგილისა,

ჯანმრთელობის მდგომარეობისა,

დაბადების და ასაკის

ან ნებისმიერი სხვა ნიშნისა.

კანონით დადგენილი ნებისმიერი გამონაკლისი ან განსხვავება ჩაითვლება დისკრიმინაციად, თუ არ იქნება დამტკიცებული, რომ ასეთი გამონაკლისი სამართლიანი და გონივრულია, არ იწვევს სამოქალაქო თავისუფლებებით თანასწორ საფუძველზე სარგებლობის უფლების გაუქმებას ან დარღვევას და ემსახურება საზოგადოებრივი მრავალფეროვნების, თვითმყოფადობისა და თითოეული პირისა და ჯგუფის უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების შესაძლებლობათა სამართლიანი თანასწორობის უზრუნველყოფას.

პირს აქვს საკუთარი კანონიერი ინტერესების ინდივიდუალიზებული აკომოდაციის უფლება, თუ სხვაგვარად შეუძლებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვანი დაცვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აკომოდაციით დაცული სიკეთე ნაკლებია ვიდრე სხვა პირის კანონიერი ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი.

საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციით და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

სამოქალაქო თავისუფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.