ყველას აქვს სიცოცხლის, ღირსებისა და პიროვნული ხელშეუხებლობის, აგრეთვე მათი დაცვის განუყოფელი და აბსოლუტური უფლებები, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს:

სიკვდილით დასჯის აკრძალვას;

თავისუფლებას წამების, სასტიკი, არაადამიანური, ღირსების შემლახავი ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელისაგან, აგრეთვე ნებისმიერი ისეთი სახის თვითნებური ფიზიკური სასჯელების, ძალადობისა და ყველა იმ ქმედებისაგან, რითაც მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტკივილი ან ტანჯვა ადგება ადამიანს;

უფლებას, არ იყოს სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერიმენტების ობიექტი; უფლებას მიიღოს სამედიცინო მომსახურება თავისუფალი არჩევანისა და ინფორმირებული, თანხმობის შემთხვევაში, გარდა კანონით განსაზღვრული გამონაკლისებისას, როდესაც პირს არ აქვს ფიზიკური შესაძლებლობა გამოხატოს პოზიცია, არსებობს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მყისიერი საფრთხე და საჭიროა მესამე პირის თანხმობა;

მონობის, იძულებითი შრომისაგან თავისუფლებას და ადამიანებით ვაჭრობის აკრძალვას.

სიცოცხლის, ღირსების ან პიროვნული ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფად არ ჩაითვლება ისეთი ქმედება, რომელიც წარმოადგენს კანონით გათვალისწინებული, აუცილებლობით განპირობებული, ვიწროდ მიზანმიმართული და ძალის პროპორციული გამოყენების შედეგს.

იძულებით შრომად არ ჩაითვლება კანონით დადგენილ შემთხვევებსა და წესით სამხედრო ან სამოქალაქო ვალდებულების ან სასჯელის მოხდა, აგრეთვე საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულება.