პიროვნული თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა, მათ შორის მოსმენა, ნებისმიერი სახის კომუნიკაციის ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩხრეკა, დაკავება, დაპატიმრება ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ დანაშაულის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული მოსმენისა ან ჩხრეკის მიზანშეწონილობის, დასაბუთებულობისა და კანონიერების საკითხი დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა უნდა განიხილოს სასამართლომ.

მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში სასამართლო საქმის გარემოების განხილვის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას მოსმენისა ან ჩხრეკის მიზანშეწონილობის, დასაბუთებულობისა და კანონიერების შესახებ.

დაკავებული, დაპატიმრებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს დაკავებიდან, დაპატიმრებიდან თუ თავისუფლების სხვაგვარად შეზღუდვიდან 48 საათისა.

თუ სასამართლოში წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაკავების, წინასასამართლო პატიმრობის, თუ თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის მიზანშეწონილობის, დასაბუთებულობისა და კანონიერების შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.