ანუ როგორი კონსტიტუცია სჭირდება საქართველოს

ერთად ერთი რაზეც დღეს ყველა შეთანხმებულია არის ის, რომ დღევანდელი ძირითადი კანონი არ ვარგა. ძირითადი კანონის ხშირი ცვლა მისი არაადექვატურობის კიდევ ერთი დადასტურებაა.
ერის დამფუძნებელი დოკუმენტი მის ძირითად მისწრაფებებს უნდა პასუხობდეს. ქართული პოლიტიკური კულტურისათვის ქრონიკულად თანმდევი პოლარიზაციის მიუხედავად, არსებობს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი ძირითად ფასეულობებთან დაკავშირებით – ეროვნული, სამოქალაქო და ეკონომიკური თავისუფლება არის ის ქვაკუთხედი, რომელზედაც უნდა აშენდეს ახალი საქართველო – დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა, ლიბერალური დემოკრატია და თავისუფალი ბაზარი.
ეს ინსტიტუტები გარკვეულ შემთხვევაში ერთმანეთს ავსებს, მაგრამ უფრო ხშირად ერთი-მეორის ხელის შემშლელია – ძლიერი სახელმწიფო ის ორლესული მახვილია, რომელიც ერთის მხრივ ეროვნული უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი, მაგრამ მეორეს მხრივ ის არა მხოლოდ საგარეო მტრების, არამედ შინაური ოპონენტების წინააღმდეგაც შეიძლება მიიმართოს. თავის მხრივ უმრავლესობის მმართველობა არა თუ არ გამორიცხავს, არამედ პირიქით, ხშირად განაპირობებს სიმდიდრის რედისტრიბუციას და ზღუდავს კერძო საკუთრებასა და მეწარმეობის თავისუფლებას, რის შედეგადაც დემოკრატია მძიმე ტვირთად შეიძლება დააწვეს ბაზარს.
ამიტომ კონსტიტუციური მოდელების ანალიზისას აქცენტი უნდა გაკეთდეს არა მხოლო იმაზე თუ რომელი მათგანის პირობებში უფრო უკეთ არის შესაძლებელი დემოკრატიის კონსოლიდაცია, არამედ თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული როგორც საერთაშორისო კონტექსტი, ასევე ძირითადი კანონის გავლენა პოლიტიკის მთელ სპექტრზე, და ის ეფექტი, რაც მას მოდერნიზაციის პროცესზე ექნება.
ძირითადი კანონის შესახებ დებატები კონსტიტუციური რომანტზმის ფარგლებს არ სცდება. არსებული კონსტიტუციის, ისევე როგორც შემოთავაზებული ალტერნატივების მთავარი ხარვეზი ისაა, რომ იგი ინტელექტუალური და მორალური სრულყოფილების დაშვებას ეფუძნება. ეს მოდელები შესაძლებელია იმდენად, რამდენრამდენადაც კოლექტიური უსაფრთხოების არქიტექტურა და საერთაშორისო სამართალი იცავს ერებს აგრესიისაგან და უზრუნველყოფს მშვიდობას, ხოლო ზნეკეთილი და ყოვლისმცოდნე მოხელეები აკორექტირებენ ბაზრის ჩავარდნებს და რაციონალური გეგმის შესაბამისად მართავენ ეკონომიკას საყოველთაო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
გლობალიზაციის ერის დაწყებამდე ბევრი სახელმწიფო დაუსჯელად აძლევდა საკუთარ თავს იმ ფუფუნების უფლებას, რომ უარი არ ეთქვათ საბიუჯეტო დეფიციტზე, პროტექციონიზმსა ან სამთავრობო ინტერვენციონიზმზე. თანამედროვე გლობალიზებული ეკონომიკის პირობებში დაბალი გადასახადები და ნაკლები რეგულაციები ამა თუ იმ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს.
რამდენადაც მოდერნულ ქვეყნებს სტაბილობა ახასიათებთ, იმდენადვე ტურბულენტურია თავად მოდერნიზაციის პროცესი. ამჟამად საქართველოს მოსახლეობის ნახევარი სოფლად ცხოვრობს, მოდერნიზაციის თანმდევი ურბანიზაციის შედეგად მიგრაცია ახალ პოლიტიკურ სინამდვილეს შექმნის. გაზრდილი მოლოდინების ფრუსტრაციის რევოლუცია – მოდერნიზაციის პროცესში მოლოდინების ინფლაცია უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე მათი დაკმაყოფილებაა შესაძლებელი. სწრაფი ცვლილებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ფასეულობებსა და ქცევის დამკვიდრებულ პატერნებს. ძველი ინტიტუტები ვერ უზრუნველყოფენ ახალ აქტორთა მოდერირებას, ახალი კონფლიქტები. ტრადიციული საზოგადოების დაბალი მონაწილეობა და დაბალი ინსტიტუციონალიზაცია მოდერნიზაციის პროცესში მაღალი მონაწილეობა და დაბალი ინსტიტუციონალიზაციით შეიცვლება და მხოლოდ ამ სტადიის წარმატებით გავლის შემთხვევაში მივაღწევთ იმ მდგომარეობას, როცა გვექნება მაღალი მონაწილეობა და მაღალი ინსტიტუციონალიზაცია. ინსტიტუციურმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს ახალი სოციალური ძალების პოლიტიკურ სისტემაში შესვლის პროცესის მოდერირება და ამ ძალების სოციალიზაცია, რათა მათამ მოზღვავებამ პოლიტიკური სისტემის რღვევა არ გამოიწვიოს.
საქართველოს, განვითარების არჩეული ვექტორის სტაბილურობის შემთხვევაში, დაახლეობით 30 წელი დაჭირდება ეკონომიკური მოდერნიზაციის დასასრულებლად, რათა საშუალო ქართველის ცხოვრებიე დონე განვითარებული სამყაროს ანალოგიურ მაჩვენებელს გაუტოლდეს. როგორ უზრუნველვყოთ ისეთი პოლიტიკური გარემო, რომელიც ეკონომიკური ზრდისათვის მაქსიმალურად ხელშემწყობი თუ არა, მინიმალურად ხელშემშლელი იქნება, რომელიც სამოთხეს თუ არ მოგვიტანს, ჯოჯოხეთს მაინც აგვაცილებს.
ჩვენ გვჭირდება ვიპოვოთ პასუხი მთავარ კითხვაზე: რომელი კონსტიტუციური მოდელი უფრო უპასუხებს სულ მცირე შემდეგი 30 წლის მანძილზე საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს.
ამისათვის უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ თუ როგორ ფუნქციონირებს ესა თუ ის მოდელი კონკრეტულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კონტექსტში, არამედ კონსტიტუციური ინსტიტუტების კონკრეტული პრეროგატივები, რომელიც განაპირობებს ამა თუ იმ მოდელის ან მისი ცალკეული შემთხვევის წარმატებასა თუ წარუმატებლობას.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პრო და რე-აქტიული საპრეზიდენტო საკანონმდებლო უფლებამოსილებები – პაკეტური ან მუხლობრივი ვეტო და მისი დაძლევის წესი, ექსკულზიური ინიცირების პრეროგატივა და შესწორებების შეტანაზე შეზღუდვები, დეკრეტები, საარჩევნო ციკლები და კალენდარი, საარჩევნო ოლქის ზომა და მანდატების რიცხვი, პარტიული ბოსების მიერ კანიდადტთა ნომინაციისა და სიაში ადგილის კონტროლის ხარისხი, ხმათა ოდენობა, რომელიც აქვს თითოეულ ამომრჩეველს, პარტიის ნაციონალიზაციის ხარისხი – რამდენად ჰომოგენურია მხარდაჭერის დონე რეგიონიდან რეგიონში, პროგრამული ვს ინტერესზე დაფუძნებული პარტიები, ნაციონალური ვს ადგილობრივი წარმომადგენლობა, ეფექტურ პარტიათა რიცხვის გავლენა მათ პოზიციათა კონგრუნტულობასა და ამომრჩეველთათვის ხელმისაჭვდომ ალტერნატივებზე, ბიკამერალიზმი, როგორც პარლამენტს-შიგა შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმი, საპარლამენტო დღის წერიგის და რეფერენდუმების კონტროლი, ფედერალიზმი და სასამართლო ზედამხედველობა.
კონსტიტუციური თამაშის წესები განაპირობებენ მოთამაშეთა მიერ არჩეულ სტრატეგიებს, რომელსაც თამაშის დროს მოთამაშეები ირჩევენ, მაგრან რა განაპირობებდა ამათუ იმ თამაშის წესების არჩევას? გათვალისწინებას საჭიროებს ის გარემოება, რომ პრე-კონსტიტუციური ანუ წესების შესახებ თამაშს განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს პოსტ-კონსტიტუციური ანუ წესების მიხედვით თამაშის მსვლელობაზე.
პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რატომ დომინირებს უფრო განვითარებულ ევროპაში ერთი და უფრო ჩამორჩენილ ამერიკის კონტინენტზე – მეორე? არის თუ არა ამასთან რაიმე კავშირში ის გარემოება, რომ ერთგან პარტიების ინსტიტუციონალიზაცია ბევრად უფრო მაღალია ვიდრე მეორეგან? თუ პრეზიდენტის ინსტიტუტი და პარტია ფუნქციონალური ექვივალენტები არიან, რაში მდგომარეობს ეს ფუნქცია. რამ განაპირობა რომ ერთგან ერთი განვითარდა და მეორეგან – მეორე? რა დასკვნები შეიძლება გაკეთდეს საქართველოს კონტექსტში თითოეული ამ ინსტიტუტის პერსპექტივებზე?
ზოგადად, სხვა თანაბარი პირობების არსებობისას, პრეზიდენტიალიზმი, და ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ან მაჟორიტარულია ან დახურული სიის პროპორციული, აგრეთვე რომელშიც ოლქების სიდიდე მაღალია – ასოცირებულია სახელმწიფო სექტორის უფრო მცირე მოცულობასთან, დაბალ გადასახადებთან, ნაკლებ ხარჯებთან, მაშინ როცა პარლამენტარიზმის და ისეთი პროპორციული საარჩევნო სისტემის შენთხვევაში, რომელიც კანდიდატთათვის ინდივუდულიზებული ხმის მიცემის შესაძლებლობას შეიცავს, აგრეთვე რომელშიც ოლქების სიდიდე მაღალია – ყველაფერი პირიქითაა. უფრო მეტიც, ცალკეული კონსტიტუციური ინსტიტუტებბის კონფიგურაცია გავლენას ახდენს როგორც გადასახადების ოდენობაზე, ისე საზოგადო სიკეთეებზე შემოსავლების მიმართულებაზე, საერთო ნაციონალურსა და ადგილობრივ საზოგადო სიკეთეთა წარმოებასა და უზრუნველყოფაში ბალანსზე, ამომრჩეველთა შორის რედისტრიბუციისა და პოლიტიკოსთან შორის რენტათა განაწილებაზე.
რაც მეტია ინდტიტუციური და პარტიული ვეტო მოთამაშეთა რაოდენობა – ინდივიდუალური და კოლექტიური აქტორები, რომელთა გარეშეც სტატუს ქვოს შეცვლა შეუძლებელია, რაც უფრო მაღალია თავად ვეტომოთამაშეთა, აგრეთვე კოლექტიური ვეტომოთამაშეთა შემადგენელ ერთეულთა შორის პოზიციათა პოლარიზაცია, მით უფრო სტაბილური პოლიტიკა და მით უფრო რთულია მთავრობისათვის პირის გატეხვა და ცალმხრივად თამაშის წესების სწრაფი და იოლი შეცვლა. გლობალიზაციის ერამდე ეს საკმარისი იყო ეკონომიკური განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად – ინგლისში დიდებულმ რევოლუცია ამის კარგი მაგალითია.
გლობალიზაციისა და აუტსორსინგის პირობებში მხოლოდ პირის გატეხვის სიძნელე საკმარისი არაა. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თუ რის სტიმულირებას ახდენს კონსტიტუციური მოდელი: ვეტო მოთამაშეთა ინტერესების შეკრებას თუ გამოკლებას . პარლამენტარიზმის შემთხვეაში დიდია რისკი მონაწილეობის ხაფანგში გაება – სპეციალურ ინტერესთა ნაკლოვანებათა ურთიერთგაქვითვის ნაცვლად მათი შეკრება ლოგროლინგის გზით. ეს ყველაფერი ფისკალურ განზომილებაში გადაყვანილი – გარგანტუანული ბიუჯეტის სახეს იღებს.
კონსტიტუციაზე მსჯელობისას აქცენტი მხოლოდ პოლიტიკურ იმპლიკაციებზე კეთდება და ნაკლებად განიხილება მისი გავლენა ეკონომიკასა თუ სოციალურ სისტემაზე. კონსტიტუციური რეფორმის შესახებ ინფორმირებულ დებატები სწორეედ ამ ახალ განზომილებისაკენ უნდა წარიმართოს.